ილია ჭავჭავაძე ჭავჭავაძეების ყვარლის შტოს მიეკუთვნებოდა. ჩვენთვის ცნობილი მისი უძველესი წინაპარია როშნია ჭავჭავაძე (იხსენიება 1470 წ.). მისი გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია — გიორგი (იხსენიება 1517-29 წწ) — გარსევანი (იხსენიება 1540-84 წწ) —იასონი (იხსენიება 1590 წ.) — მამუკა (იხსენიება 1639-55 წწ) — ფარემუზი (იხსენიება 1642-82 წწ.) — ბესპაზი (იხსენიება 1755-77 წწ.) — პაატა (1771-1825 წწ.) — გრიგოლი (1811-1852 წწ.) — ილია.[4]
ილია ჭავჭავაძის პაპა პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელშიც სოლომონ II-მ დაიბრუნა იმერეთის სამეფო ტახტი. პლატონ იოსელიანის ცნობით პაატას სოლომონისთვის დახმარება ერეკლე II-მ დაავალა. გიორგი XII-მ პაატა ჭავჭავაძეს უბოძა ბახტრიონიდან გავაზამდე გაღმამხარის ხუთასის თავობა. XIX საუკუნის 20-იან წლებში პაატა ჭავჭავაძე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. პაატას ცოლად ჰყავდა მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასული ანდრონიკაშვილი (1771-1830), რომელთანაც შეეძინა შვილები: მაკრინე (1792-1872), მიხეილი, სვიმონი (1802-27), ალექსანდრე (1808-38), გრიგოლი (1811-52), გარსევანი (1816-47), იოსები (1818-28)